სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

15:20, 19.05.2026

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადასტურა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება. საქმე ეხებოდა 2022 წელს სოციალურ პლატფორმა Tik Tok-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მომჩივანმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. აღნიშნულისთვის ეროვნულმა სასამართლოებმა მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის – 500 ლარის ჯარიმა დააკისრეს. ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივნის განცხადებები არ წარმოადგენდა პოლიტიკურ კრიტიკას ან საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე აზრის გამოხატვას. სასამართლოს შეფასებით, გამოყენებული ენა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების დამცირებასა და შეურაცხყოფას. სტრასბურგის სასამართლომ ასევე გაიზიარა ეროვნული სასამართლოების დასაბუთება და აღნიშნა, რომ მათ სწორად გაავლეს ზღვარი მწვავე პოლიტიკურ კრიტიკასა და პირადი ხასიათის შეურაცხყოფას შორის. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული ღონისძიება იყო მინიმალური და პროპორციული – მას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დაეკისრა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი