სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
„ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.
საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა.
აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.