სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
საქართველოდან გაგზავნილი სამი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
თითქმის იდენტური საჩივრები, რომლითაც მოსარჩელეები, მათი საქმის განმხილველი მოსამართლის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებდნენ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაუსაბუთებლობის არგუმენტით, წარმოებაში არ მიიღო. გადაწყვეტილებაში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა, ევროპული სასამართლო ქართულ მართლმსაჯულების სისტემასაც მიმოიხილავს და სექტორში 2012 წლიდან გატარებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს.
მოსამართლეთა დანიშვნა-განწესების პროცედურების დახვეწა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ის ჩანაწერებია, რომელსაც მმართველი გუნდი შიდა და გარე, მძიმე ბრალდებების პასუხად განიხილავს. „ქართული ოცნება“ ევროპული სასამართლოს პოზიციაზე დაყრდნობით, სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებულ კრიტიკას უსაფუძვლოდ აცხადებს. თუმცა, ასე არ ფიქრობს ოპოზიცია. ბოლო პერიოდში სხვადასხვა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად, ოპონენტები მმართველ პარტიას, დასავლეთისგან სანქცირებულ მოსამართლეებს ახსენებენ.