სტიქიისგან მიყენებული ზიანი ლაგოდეხში

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები სტიქიამ დააზარალა, მიყენებული ზიანი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მალევე შეაფასა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. გარდა იმისა, რომ ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ, დაეხოცათ შინაური ფრინველი და გაუნადგურდათ მოსავალი, დღემდე პრობლემად რჩება სასმელი წყლით მომარაგება. ოთხი სოფლის მოსახლეობა სტიქიამდე ინდივიდუალური ჭებით სარგებლობდა, თუმცა, წყალდიდობისას მდინარე კაბალის კალაპოტის ცვლილებამ წყლის რაოდენობასა და ხარისხზე იმოქმედა. მოსახლეობას ავზების ასავსებად რიგში დგომა საათობით უწევთ. ლაგოდეხის მერი ამბობს, რომ დაზარალებულების სასმელი წყლით უზრუნველყოფას სულ რამდენიმე დღეში შეძლებენ, მას შემდეგ, რაც სისტემის რეაბილიტაცია დასრულდება. სხვა ინფრასტრუქტურის აღსადგენად კი სამუშაოების დაწყებას, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.

ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი ლაგოდეხიდან #მოამბერეგიონები