სტიქია შოვში - მოვლენათა ქრონოლოგია

შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები გუშინ შუადღისით, დაახლოებით სამი საათისთვის განვითარდა – კურორტი ხეობიდან წამოსულმა ღვარცოფულმა მასამ დაფარა, რომელმაც შოვის ტერიტორია თითქმის სრულად მოიცვა. განადგურდა დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. ღვარცოფმა წაიღო კოტეჯები, დააზიანა ადგილზე არსებული სასტუმრო „სანსეთ შოვი“. ნაგებობის კონსტრუქციამ შეძლო მასის შეკავება, რამაც ადგილზე მყოფებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცა.

სტიქიამ წაიღო ავტომობილები, გაანადგურა შოვთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა და ხიდები. კურორტზე ჩარჩენილი ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციაში, ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, სტიქიის ეპიცენტრში ავიაციის დახმარებით ჩავიდნენ მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ადამიანების ევაკუაცია.

ვერტმფრენებმა გადაადგილება ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეაჩერეს. თუმცა სამძებრო-სამაშველო ოპერაციას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები. ამ ეტაპზე შოვიდან უკვე 150-მდე ადამიანი გამოყვანილი. გრძელდება 50-მდე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაცია. კურორტ შოვთან სახმელეთო კავშირის აღდგენისთვის მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაო.