სტიქიის შედეგები რეგიონებში

სტიქიის შედეგად დაზიანებული ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია, თუმცა გზის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ასევე საავტომობილო გზა სრულად აღდგა რაიონულ ცენტრს მოწყვეტილ რამდენიმე სოფელთან. სოფლების – ტვიბისა და მუცდის მიმართულებით კი გადაადგილება ამ დროისთვის მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და გზა რამდენიმე საათში ავტომობილებისთვისაც გაიხსნება. სოფელ ტვიბში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ამ ეტაპზე დენი მხოლოდ სოფელ ბავარს არ მიეწოდება.