სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტში
სტიქიის შედეგები ონის მუნიციპალიტეტში – ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო. სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან ერთად შეხვდა მოსახლეობას, რომელსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დაუზიანა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მერის განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და სოფლებში პრობლემები შექმნა. დაზიანდა შიდა სასოფლო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. რამდენიმე სოფელში არსებული ლოკალური დაზიანებები უმოკლეს ვადებში შეკეთდება.