სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიაში
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან. გურიაში ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. ცენტრალურ გზებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, საუბნო გზების წმენდა იწყება. სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს მინი შტაბებიც, სადაც მოსახლეობა საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს იღებს. ამ დროისთვის საჭიროების მქონე მოქალაქეებზე ჯამში რვა ათასზე მეტი სასურსათე პაკეტი გაიცა. ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე 50 აბონენტი რჩება. სტიქიის ზონაში სრულად არის აღდგენილი წყალმომარაგება. მუნიციპალიტეტებში შექმნილია ცხელი ხაზიც.