შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები გუშინ დაახლობით შუადღის სამი საათისთვის დაიწყო. ხეობიდან წამოსულმა ღვარცოფულმა მასამ, შოვის ტერიტორია თითქმის სრულად გაანადგურა. წაღებულია კოტეჯები, დაზიანდა სასტუმრო „სანსეთ შოვი“. ნაგებობის კონსტრუქციამ შეძლო მასის შეკავება, რამაც ადგილზე მყოფებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცა. სტიქიამ წაიღო ავტომობილები, გაანადგურა შოვთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა და ხიდები.
კურორტზე ჩარჩენილი ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციაში, ცოცხალ ძალასთან ერთად, გუშინვე ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, სტიქიის ეპიცენტრში ავიაციის დახმარებით ჩავიდნენ მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ადამიანების ევაკუაცია. ვერტმფრენებმა გადაადგილება ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეაჩერეს. თუმცა სამძებრო-სამაშველო ოპერაციას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები. კურორტ შოვთან სახმელეთო კავშირის აღდგენისთვის მძიმე ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას.