სტიქია რეგიონებში

აჭარის მაღალმთიანეთში პირველმა თოვლმა გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხებები შექმნა. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. ამ დროისთვის, ხულოს მუნიციპალიტეტებში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოებიც. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. გზებზე გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად სოფლების ნაწილში ელექტროენერგია უკვე აღდგა. ზარალს ითვლიან კახეთში. სტიქიამ რეგიონში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა, მათ შორის, თელავიც. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, მოგლეჯილია ხეები. ათასობით აბონენტს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, ყველაზე მეტად, თელავი და საგარეჯო დააზარალა. თელავში, ვანთაში, ვარდისუბანში, კურდღელაურსა და აკურაში, დაახლოებით 15 საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ქარმა თელავში მრავალწლოვანი ხეც წააქცია, რომელიც მეშვიდე საჯარო სკოლის შენობას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა შიდა ქართლშიც . ხაშურში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები, წაქცეულია ხეები. ქარმა რამდენიმე სოფელში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილებიც. დილიდან ქალაქში მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.