სტერილიზაციის უფასო პროგრამა პატრონიანი ძაღლებისთვის 

რეგიონებში პატრონიანი ძაღლების აღრიცხვის პროცესი იწყება.

პროცედურა მოიცავს სავალდებულო სტერილიზაციას და ჩიპირებას. მიზანი შინაური ცხოველების უკონტროლო გამრავლების პრევენცია და ელექტრონული ბაზის შექმნაა, სადაც ძაღლებზე და მათ პატრონებზე მონაცემებს შეინახავენ. შესაბამისი პროცედურები წლის ბოლომდე 14 000-მდე ძაღლს უფასოდ ჩაუტარდება. უარის შემთხვევაში ჯარიმებია გათვალისწინებული. ეს არის ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი მიუსაფარი ძაღლების კასტრაციას, რეგისტრაციას და ბუნებრივ არეალებში დაბრუნებას გულისხმობს, რასაც ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციები მოჰყვა. გამკაცრებულ რეგულაციებს მიუსაფარი ძაღლების და შინაური ბინადრების შესახებ კანონი ითვალისწინებს, რომელიც ეტაპობრივად შედის ძალაში.