სტარტაპერების დაჯილდოება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში, 20 გამარჯვებული გამოაცხადა. ისინი სპეციალურად, თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი, 150 პრეტენდენტმა გამოთქვა. მათ საკუთარი ბიზნეს იდეების შესახებ განაცხადები ელექტრონული პორტალის მეშვეობით წარადგინეს.  სტარტაპერებს საინვესტიციო კომისიის წინაშე, თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი მწვრთნელები ამზადებდნენ. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამურად 275 პროექტია დაფინანსებული.  „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის“ პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო კონკურსის შედეგად, 17 პრეტენდენტიდან გამოვლინდა 4 გამარჯვებული, 3 ამერიკული და ერთი დანიური აქსელერატორი. კონკურსის შედეგად შერჩეული აქსელერატორები დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებს, გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. პროგრამა 2026 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება. „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის”  პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.