პოლიციამ სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით დააკავა.
თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მთავარ კონკურენტს უკანონო ტენდერებს, თაღლითობასა, „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ თანამშრომლობას და მექრთამეობას ედავებიან. ასევე დაკავებული მერიის 100-მდე თანამშრომელი. დაკავებამდე პროკურატურის მიმართვის საფუძველზე თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს სტამბოლის უნივერსიტეტმა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გაუუქმა. მოქმედი კანონმდებლობით დიპლომის გარეშე იმამოღლუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ სწორედ ამ დღეებში გეგმავდა იმამოღლუს საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას. მერის დაკავებას უკვე მოჰყვა დემონსტრაციები სტამბოლსა და ანკარაში.