საქართველოს პროკურატურაში 48 სტაჟიორმა ერთწლიანი სტაჟირება დაასრულა.
ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, პროკურატურის სტაჟიორებმა საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო — კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან, გასაუბრება გაიარეს. წარმატებული სტაჟიორები პროკურატურაში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან. სტაჟიორები ერთი წლის განმავლობაში საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები, გამოცდები და მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.