2024 წელი გამორჩეული და განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა ქართული სპორტისთვის.
დავიწყებთ ფეხბურთით, რომლისთვისაც გასული წელი ისტორიული იყო. 26 მარტს თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე გამართული მატჩის ანგარიშით საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. პლეი-ოფის ფინალში ბერძენ მეტოქეებთან შეხვედრა ჩვენი ნაკრების ისტორიული გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა „ჯვაროსნებმა“ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს გერმანიაში, სადაც ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. შთამბეჭდავი აღმოჩნდა შეხვედრა პორტუგალიასთან, როცა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის შემდეგ ახლა ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის.
გამარჯვებებით დატვირთული აღმოჩნდა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც. ქართველმა სპორტსმენებმა საფრანგეთში გამართულ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ფორუმზე სამი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საერთო ჩათვლაში კი საქართველო 24-ე ადგილზე გავიდა. ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი მესამედ გახდა ლაშა ტალახაძე. ლაშა ბექაურმა კი ოლმპიური ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ოცნება აისრულა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა გენო პეტრიაშვილი.
წარმატებებით დატვირთული იყო პარალიმპიური თამაშებიც.