სპეცოპერაცია ზუგდიდში - პოლიტიკური შეფასებები

ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება და ჩატარებული სპეცოპერაცია პოლიტიკური დისკუსიის საგანი ხდება. რამდენად სწორად დაიგეგმა მძევლების გათავისუფლების ოპერაცია: ამ კითხვაზე პასუხები არაერთგვაროვანია. ოპოზიციის ნაწილი ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელის მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და მის მიმალვას სისტემური პრობლემის კონტექტსში განიხილავს. ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე და გაზრდილ კრიმინალზე, რასაც ხელისუფლება კონკრეტული ციფრებით და სტატისტიკით უარყოფს. ყველა მძევლის უვნებლად გადარჩენის შემდეგ, მმართველი გუნდი ნომერ პირველ ამოცანად დამნაშავის დროულად დაკავებას აცხადებს.