სპეცოპერაცია და გათავისუფლებული მძევლები

უმსხვერპლოდ დასრულებული სპეცოპერაციის პირველი ნაწილი. თითქმის რვასაათიანი ტყვეობის შემდეგ, მძევლების დიდმა ნაწილმა „საქართველოს ბანკის“ შენობა უსაფრთხოდ დატოვა. ხელყუმბარით, ავტომატითა და პისტოლეტით შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი აწარმოებდა. სწორედ ავთო გალდავა იყო ერთ-ერთი იმ ოთხ მძევალს შორის, რომლებიც დანარჩენ მძევლებს ჩაენაცვლნენ და რომლებთან ერთად, თავდამსხმელმა ბანკის შენობა ფულთან ერთად დატოვა და პოლიციის „პიკაპით“ გაემგზავრა. ოთხივე მათგანი გათავისუფლებისთანავე დაკითხეს, ისევე როგორც დანარჩენი მძევლები, რომლებიც დღეს შეიარაღებული თავდასხმის და მძევლობის საათებს იხსენებენ.