სპეცოპერაცია ხელვაჩაურში – დღეს, დაახლოებით დილის სამ საათზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული პირი დააკავეს. სოფელ შარაბიძეებში დაკავებები რამდენიმე ოჯახში განხორციელდა. დაკავებულთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ოპერაციის დროს სახლებში სამართალდამცველები გაუფრთხილებლად შევიდნენ, ჩატეხილია სახლის ფანჯრები, ჩამსხვრეულია მინები. ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ ფეხებში დაჭრილია 75 წლის ქალი თამარ მიქელაძე იგი კლინიკაშია გადაყვანილი. ბათუმის კლინიკა „ბაუში“ ამბობენ, რომ დაშავებულ ქალს ჭრილობა მინის ნამსხვრევებისგან ჰქონდა მიყენებული და გაწერილია, თუმცა, ახლობლები ეჭვობენ, რომ დაჭრა გასროლის შედეგად მოხდა, ამიტომ ექსპერტიზის გარეშე დაშავებულის კლინიკიდან გამოყვანას არ აპირებენ. დაკავებული ძმების, უჩა და ბაჩი ჯაყელების დედა ამბობს, რომ მის ვაჟებს არასდროს ჰქონიათ კავშირი „ქურდულ სამყაროსთან“ და დაკავება მისთვის გაურკვეველი მიზეზებით მოხდა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.