ექვსი წლის შემდეგ სამოხელეო დანაშაულის გამოსაძიებლად შექმნილი უწყება საერთოდ უქმდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციებს კვლავ პროკურატურა გადაიბარებს.
მმართველი გუნდი ცვლილებაში პრობლემას ვერ ხედავს იმ მოტივით, რომ გენერალურ პროკურატურას მთავრობისგან დამოუკიდებელ და უფრო ძლიერი ფუნქციებით აღჭურვილ ინსტიტუციად მიიჩნევს. გადაწყვეტილების შედეგად სამართალდამცავების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკვე პროკურატურა გამოიძიებს – უწყება თავად იქნება ბრალმდებელი და გამომძიებელიც. თავის სამოხელეო დანაშაულების გამოსაძიებლად თავდაპირველად, 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური შეიქმნა, რომელიც სამი წლის წინ ორ უწყებად გაიყო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. მისი დამოუკიდებლობის და ეფექტურობის გაძლიერება თავის დროზე ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქმეების არ გამოძიების არგუმენტით კაციტაძის უწყება ოპოზიციისა და მესამე სექტორის კრიტიკის სამიზნე იყო, საკანონმდებლო ცვლილებას პოლიტიკური ძალების და არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.