ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდება. კერძოდ, დღეს შესრულდება რეისი, ომანის სასულთნოს დედაქალაქი მასკატიდან თბილისის მიმართულებით. ხვალ ასევე შესრულდება სპეციალური რეისი საუდის არაბეთის დედაქალაქიდან თბილისის მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სპეციალური რეისების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. როგორც საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც, შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფენ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები. საგარეო უწყების ცნობით, საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს.