სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

უცხოეთიდან მიღებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვანო მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„ვინაიდან დაცვის მხარე მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ მსჯავრდებულ მერაბიშვილის დიაგნოზი – ჰორნერის სინდრომი შესაძლოა, ინტოქსიკაციის შედეგი იყოს, „მედიქლაბ ჯორჯიაში“ მას ტოქსიკოლოგების კონსულტაციაც გაეწია.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი არ გამოვლინდა, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებულს მძიმე მეტალების შემცველობაზე სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებოდა.

ანალიზი ჩატარდა ექვს მძიმე მეტალზე – რკინაზე, სპილენძზე, ტყვიაზე, კადმიუმზე, მანგანუმსა და თუთიაზე, ასევე კალციუმსა და მაგნიუმზე. მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნა გერმანიაში „ლაბორატორია მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფის“ მიერ.

მიღებული პასუხის შედეგად  ირკვევა, რომ ყველა ზემოხსენებული მეტალის და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში. ამის შემდეგ, მიღებული პასუხების საფუძველზე 12 ოქტომბერს გაიმართა ტოქსიკოლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნითაც ინტოქსიკაცია გამოირიცხა.

ამასთანავე,  კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს,“– ნათქვამია განცხადებაში.