სოსო რობაქიძის განცხადება

სოსო რობაქიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვს. მისი სურვილია, პირადად გაეცნოს, რამდენად რთულია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ვითარებას აზვიადებენ და რეალურად, პატიმარი სასიკვდილო მდგომარეობაში არ არის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულებრივი ქმედებებისა, ის იქნება პირველი, ვინც მის მოკვდინებას არ მიემხრობა.

მეორე მხრივ კი, ბუტა რობაქიძის მამა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის დამფუძნებლის დანაშაულებებზე საუბრობს და მის პატიმრობაში ყოფნას სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევს. სოსო რობაქიძე ყოფილი ხელისუფლების დროს დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის შვილმკვდარი მშობლების შეკრების ინიციატივითაც გამოდის, რაც, მისი თქმით, იქნება პასუხი სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერებისთვის. რობაქიძესთან ერთად, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა სამართლიანად მიაჩნია პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, დავით ლორთქიფანიძეს.