სომხეთში აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა

სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა საპროტესტო აქცია სომხეთში. დაპირისპირების შედეგად აქციის ორი მონაწილე დაშავდა.

დემონსტრაციის მონაწილეები პოლიციის მიერ აღმართული კორდონის გარღვევას შეეცადნენ.

სამართალდამცველებმა მათ დასარბევად ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს და ბაგრამიანის გამზირზე მეორე მავთულხლართიც გაავლეს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილია რამდენიმე ცენტრალური ქუჩა. პარალიზებულია მეტროსადგურიც. დემონსტრანტები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ, რომელიც ეროვნულმა კრებამ ხვალ უნდა დაამტკიცოს.

აქციის ორგანიზატორია ოპოზიური ფრაქცია „ელქის“ ლიდერი ნიკოლ პაშინიანი. მისი თქმით, მთავარი მიზანი, ხვალ პარლამენტში დაგეგმილი არჩევნების ჩაშლაა. პაშინიანის განცხადებით, ანალოგიური აქციები მიმდინარეობს ქალაქ გიუმრიში, სადაც აქტივისტებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.

სომხეთის პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეების ყველა ქმედება უკანონოა. პოლიცია მათ პარლამენტის შენობასთან მიახლოებას უკრძალავს. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ეროვნული კრება ხვალ პრემიერ-მინისტრს მაინც აირჩევს.

დატოვე კომენტარი