სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

სერჟ სარგსიანის თბილისში ვიზიტი დასრულდა. სომხეთის პრეზიდენტმა საქართველო ნახევარი საათის წინ დატოვა. ორდღიანი ვიზიტის ბოლო შეხვედრა, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა, სადაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერმა უმასპინძლა.

გიორგი კვირიკაშვილისა და სერჟ სარგსიანს შორის შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა ცნობილია, რომ საუბარი რეგიონალურ გამოწვევებს, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის კეთილ მეზობლურ ურთიერთობას შეეხო.

პრემიერთან შეხვედრამდე სერჟ სარგსიანი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრა. პარლამენტში მას ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობა დახვდა. სომხურ დელეგაციასთან გაფართოებულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივა განიხილეს, მათ შორის საპარლამენტო კონტექსტშიც. შეხვედრა მედიისთვის ასევე დახურული იყო, თუმცა უმრავლესობაში ამბობენ, რომ საუბარი გაეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერ რეზოლუციასაც შეეხო, სადაც სომხეთს საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა.