სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია

სომხეთის ქალაქ დილიჟანში სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაში სომხეთისა და საქართველოს საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციაზე ონლაინ ჩაერთო და განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ლაშა დარსალიამ ისაუბრა სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა თბილისში გამართული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრის მნიშვნელობას. დარსალიას თქმით, ამ ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც სამი ქვეყნის ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ საქართველო მხარს უჭერს სომხეთის დაახლოებას ევროკავშირთან და მზადაა გაუზიაროს სომხეთს ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება. კონფერენციის ფარგლებში ქართველი და სომეხი ექსპერტები განიხილავენ საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს. აქცენტი კეთდება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე. ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის საკითხებზე.