სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

მოსკოვში მიღწეული შეთანხმება პრაქტიკულად ჩაიშალა – მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები არ ჩანს. დაზავებიდან მეოთხე დღესაც კი დაღუპულთა ცხედრების და მძევლების გაცვლის პროცესი არ დაწყებულა. უპასუხოდ რჩება „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის მოწოდებები, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმების მიხედვით, გაცვლის პროცესში უნდა ყოფილიყო ჩართული. ვითარების დასტაბილურების ნაცვლად სადავო ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. რიტორიკა უცვლელია: ოფიციალური ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტების და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაში ადანაშაულებენ. შეიარაღებული დაპირისპირების არეალში ახალი ცხელი კერები ჩნდება.

მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის პირობების დარღვევაშიც, ამ ფონზე კი მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს ყოველდღიურად იმატებს. სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედროებთან ერთად, ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაზე აცხადებენ. ცეცხლის შეწყვეტისკენ მხარეებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, შეიარაღებული კონფლიქტი უკვე ჩვიდმეტი დღეა გრძელდება.

დატოვე კომენტარი