სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობის დღესასწაულსა და ნათლისღებას ზეიმობს

შობის დღესასწაულს დღეს, 6 იანვარს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. დღესვე აღინიშნება ნათლისღებაც. დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყო, მოგვიანებით კი წყალკურთხევის წესი შესრულდება.

სასულიერო პირი, რომელიც წირვას აღავლენს, წყალში წმიდა მირონს აწვეთებს და აკურთხებს მას. ტრადიციის თანახმად, მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.