სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროების დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - დაღუპული ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო და დაჭრილები სომხეთის არმიაში; მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ; ქვეყნებს შორის დაპირისპირების ისტორია და რეგიონის ლიდერთა განცხადებები

საქართველოდან 300 კილომეტრში, აზერბაიჯან-სომხეთის სასაზღვრო ზოლში ამ წუთებშიც დაძაბულობაა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ ერთხელ დაირღვა. ამჯერად ცხელი წერტილი თოვუზის რეგიონია, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. არის მსხვერპლი. სიტუაციის დეესკალაციისკენ საერთაშორისო მოწოდებების ფონზე ორივე ქვეყნიდან ერთმანეთის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებები ისმის, მხარეები ცეცხლის გახსნაზე და თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ქვეყანას შორის სიტუაცია პერიოდულად მწვავდება. წლების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეტაკებებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო.

ბოლო მონაცემებით შეტაკებების შედეგად ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, დაჭრილები არიან ორივე მხარეს. სომხეთის პრემიერ-მინსიტრის განსკუთრებული კრიტიკა დღეს თურქეთის პოზიციას მოჰყვა, რომელმაც აზერბაიჯანს მხარი ღიად დაუჭირა.  ქვეყნებს თავშეკავებისკენ მოუწოდა რუსეთმა და მზადყოფნა გამოთქვა მხარეებს ვითარების დეესკალაციაში დაეხმაროს. შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტას სთხოვს სომხეთსა და აზერბაიჯანს ევროკავშირიც. მეზობელი ქვეყნების საზღვარზე არსებული დაძაბულობის ფონზე,  მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტი.