სოლიდარობის აქციები და გადავადებული სესხები

ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა საბანკო შეღავათებსაც მოიცავს.

ქვეყნის თითქმის ყველა მსხვილი ბანკი მზად არის, კერძო კომპანიებს და მოქალაქეებს მიმართვის შემთხვევაში სასესხო ვალდებულებები სამი თვით გადაუვადოს. დაინტერესებულ პირებს კონკრეტულ სქემას საბანკო სექტორი მომავალ კვირას შესთავაზებს. „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში ფინანსური დანაკლისის შესავსებად და თანხის გამოსაყოფად მზად არის ფონდი „ქართუც.“

კორონავირუსი, როგორც გლობალური გამოწვევა, ყოველდღიურად მძიმედ აისახება სავალუტო ბაზარზე. ეროვნული ბანკის ინტერვენციის მიუხედავად, ლარის ოფიციალურმა კურსმა ანტირეკორდი მოხსნა. ხელისუფლება ლარის მკვეთრ ვარდნას „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ ქაოსს და გაურკვევლობას უკავშირებს და ფიქრობს, რომ ანტიკრიზისული გეგმა ამ დაბნეულობას გაანეიტრალებს.