სოლიდარობის აქცია უკრაინის საელჩოსთან

უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და აქტივისტებმა, რომლებიც დღეს უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ. აქტივისტებმა უკრაინის დროშები გაშალეს, გაჟღერდა უკრაინის ჰიმნი. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინას რუსეთი ემუქრება, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელმა ხალხმა საქართველოდან მხარდაჭერა იგრძნოს. მათივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად და დაგმოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. საელჩოსთან უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი კასიანოვმა, რომელმაც ქართველი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა.