სოლიდარობის აქცია - „თავისუფლების სიგნალი“

29 დეკემბერს ცნობილი ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობას მთელი საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით გააპროტესტებენ.

„თავისუფლების სიგნალი“, – ამ ლოზუნგით სოლიდარობის აქციები ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელში ერთდროულად გაიმართება.

აქციებისთვის ემზადებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც. ამ ფორმით საზოგადოება კიდევ ერთხელ მოითხოვს, გათავისუფლდეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც 20 დეკემბერს არაღიარებულმა რეჟიმმა ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პარალელურ რეჟიმში მედიკოსის სახლში დასაბრუნებლად მუშაობას განაგრძობს ოჯახის და ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი. ცალკე ჯგუფია შექმნილი რეზონანსულ საქმეზე სხვადასხვა მხარესთან კომუნიკაციისთვის. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი მოწოდებების ფონზე დე-ფაქტო რეჟიმის მხრიდან მაინც მწვავე განცხადებები კეთდება.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ისევ არ აქვს ინფორმაცია, რა პირობებში იმყოფება ექიმი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.