სოფელი კლდუ – მზადება ზამთრისთვის
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდუში ცხოვრება ზამთარში განსაკუთრებით რთულდება.
ცენტრთან დამაკავშირებელი ამორტიზებული გზა დიდთოვლობისას თითქმის გაუვალი ხდება. იმის გამო რომ სასმელი წყლის მომარაგება სახლებიდან მოშორებით მდებარე წყაროდან უწევთ, ისედაც თითქმის დაცარიელებულ სოფელს ცივ სეზონზე ადგილობრივების უმრავლესობა ტოვებს. დარჩენილებმა კი საკვები და შეშა უნდა მოიმზადონ, რადგან კლდუში ბუნებრივი აირი არ არის. 40 კომლიან სოფელში ბევრი სახლი დაკეტილია, დარჩენილებიც ერთმანეთისგან მოშორებით ცხოვრობენ და სირთულეებთან გამკლავებაც დამოუკიდებლად უწევთ. ქარელის მერიაში „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს უთხრეს, რომ სოფელში სასმელი წყლის პრობლემებზე არაფერი სმენიათ, გზის რეაბილიტაციას კი მომავალ წელს გეგმავენ.
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი ქარელიდან.