სოფელ ტანძიაში აქციაზე მოსახლეობის ნაწილი „არ ემ ჯი გოლდის“  წარმოების დირექტორს,  შემდეგ კი ნიკა მელიას დაუპირისპირდა

ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში აქციაზე მოსახლეობის ნაწილი „არ ემ ჯი გოლდის წარმოების დირექტორს, კობა მენაბდიშვილს, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას დაუპირისპირდა, რომელიც აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდა.

აქციის მონაწილეებმა ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან ამბობენ, რომ საკითხის პოლიტიზება არ სურთ. რაც შეეხება მენაბდიშვილთან დაპირისპირებას, ადგილობრივები „არ ემ ჯი გოლდისგან“ რაიონში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ან კომპენსაციების გადახდას ითხოვენ, რომ სხვა ადგილზე საცხოვრებლად გადასვლა შეძლონ.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, აფეთქებები, რომლებიც კარიერზე მიმდინარეობს, საცხოვრებელ სახლებს აზიანებს და მოპოვებითი სამუშაოების დროს, გარემო ბინძურდება. კობა მენაბდიშვილმა პირველ არხს განუცხადა, რომ მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი არ განიხილება.

მისი თქმით, „არ ემ ჯი გოლდის“ სამუშაოები ხალხს და გარემოს საფრთხეს არ უქმნის. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილიც მივიდა. მისი თქმით, სოფელში მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, თუმცა ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამოჩნდნენ და სიტუაციის დაძაბვა სცადეს. გამგებელმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია.