სოფელ საყავრეს მიმდებარედ ცეცხლი ლიკვიდირებულია

გორის მუნიციპალიტეტში ცეცხლი ლიკვიდირებულია. სოფელ საყავრეს მიმდებარედ, სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების სრულად ლიკვიდირება შეძლეს.

საბოლოო ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი. ადგილზე 250 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საჰაერო ტექნიკა.

ნახანძრალ ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა განახევრდება. მაშველები ადგილზე სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, მონიტორინგის მიზნით დარჩებიან.