სოფელ ორჭოსანთან მანათობელი მაშხალა რამდენჯერმე გაისროლეს

სოფელ ორჭოსანთან, საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანათობელი მაშხალა რამდენჯერმე გაისროლეს, – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სასიგნალო მაშხალა გუშინ, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაისროლეს. მომხდარი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაც ჩანდა, რაც პოლიციის საპატრულო ჯგუფმა დააფიქსირა.

„მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს. გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარს ადგილობრივი ჟურნალისტი შეესწრო, რომელმაც ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდა. საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ აფეთქების ხმა გაიგო და ნათებაც შეამჩნია, რომელიც მისი იქ ყოფნის დროს ხუთჯერ გამეორდა. რეპორტიორმა მომხდარი მობილური ტელეფონით გადაიღო.