სოფელ მურყმელში კოშკი ჩამოინგრა

უშგულის თემის სოფელ მურყმელში კოშკი ჩამოინგრა. კოშკის ჩამონგრევის ფაქტი საქართველოს პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ დაუდასტურა. მისი განცხადებით, კოშკი აღდგენას ექვემდებარება. ამასთან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ჩამოინგრა ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკის ქონგურები და ორი სართული. მათი თქმით, ქვედა ორი სართული გადარჩა, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ისინი, არ იციან. უშგულელები ასევე ამბობენ, რომ კოშკს რეაბილიტაცია სჭირდებოდა. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული კოშკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადებული არ იყო. მათივე ინფორმაციით, კოშკს წლის ბოლომდე აღადგენენ.