სოფელ ატოცში რუსი სამხედროები ისევ გამოჩნდნენ

ოკუპანტების მორიგი უკანონო ქმედება. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები ისევ გამოჩნდნენ. ისინი ტერიტორიაზე რკინის ბოძებს ამონტაჟებენ. სოფლის ერთ ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, ახლა კი ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე მიმდინარეობს.

ნინო ფისაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.

საოკუპაციო რეჟიმის ქმედებას გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებაში სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან.

ამასთან, სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს რუსული უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის საპირისპიროდ.