სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესი
უახლესი და ძვირადღირებული ავტომობილები, ათი ათასობით ლარის შემოსავალი ბოლო სამ თვეში და ასეული ათასი ლარის საბანკო სესხი. ასეთი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ირკვევა, რომ მოქალაქეები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან. ბაზაში ასევე ირიცხებიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებსაც სოციალური დახმარების აუცილებლობა უკვე აღარ აქვთ.
მიდგომა იცვლება, ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდპანდემიის გამო დაწესებულ მორატორიუმს ხსნის და ბაზის გადამოწმებას იწყებს. უწყების მიზანია, სისტემაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერა. ჯანდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ ამ თემაზე არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციები დასრულდება.