სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი - გამოხმაურება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ყოფილ პრეზიდენტზე საუბრობს. მასალის მიხედვით, ის სააკაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და მისი მხრიდან შანტაჟზე მიუთითებს. სავარაუდოდ, ნიკა მელიას ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მისგან დეპუტატობაზე უარის თქმას მოითხოვდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერზე მითითებულია, რომ ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

გამოქვეყნებულ ჩანაწერს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაბრიკაციას უწოდებენ. პარტიის წევრები გავრცელებულ მასალას სოციალური ქსელით ეხმაურებიან. „ჭაობი და ამაზრზენია, რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ. ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს“, წერს ხატია დეკანოიძე. „რუსული ოცნების ხელწერა“ უწოდა მსგავსი მასალის გამოქვეყნებას ლევან ხაბეიშვილმა და მხარდამჭერებს მოუწოდა არ გაავრცელონ ჩანაწერი და ის რეაგირების გარეშე დატოვონ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებით კი, ნიკა მელია ამუშავებს ტროლ-ბოტებს, რაც არავისთვის უცხო არაა. გიორგი მუმლაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ პირადად მასზე რამდენიმე ჭორი გაავრცელეს. მომხდართან დაკავშირებით წერს ზვიად კუპრავაც: „ჯერ გაავრცელეს და ახლა სოციალურ ქსელში წერენ არ გაავრცელოთ. ბაბუამ თავისი მარცხი შვილიშვილს დააბრალაო. ეგრეა ამათი საქმე“, – ვკითხულობთ კუპრავას ფეისბუქ გვერდზე.