სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილება

სლოვაკეთი უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი მას და კიდევ 19 პირს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. მატუს შუტაი ეშტოკის განცხადებით შესაძლოა ეს სია კიდევ გაიზარდოს. შსს მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აჩვენა ფოტო, რომელზეც მამუკა მამულაშვილთან ერთად არიან „ინიციატივა – მშვიდობა უკრაინისთვის“ წარმომადგენელი ლუსი შტასელოვა და სლოვაკური გამოცემის, Denník N-ის კომენტატორი მარტინ შიმეჩკა. სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის დირექტორის, პაველ გასპარის თქმით, დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა „ქართული ლეგიონის“ პირადი და ეკონომიკური კავშირები საჯარო სექტორსა და ოპოზიციასთან. თუმცა რა კავშირია ეს არ დაუზუსტებია. მისივე თქმით, შექმნილი იყო სპეციალიზებული ჯგუფი, რომელშიც გარდა „ფარული თანამშრომლებისა, შედიოდნენ პოლიციისა და ფინანსური ადმინისტრაციის წარმომადგენლები“.