სკოლის გაჭიანურებული რეაბილიტაცია - განათლების სამინისტროს გამოხმაურება

მეფე ერეკლე მეორის სახელობის თელავის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 2026 წლის მეორე ნახევარში დასრულდება. ამის შესახებ განმარტება განათლების მინისტრის მოადგილემ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაა, რის გამოც პროექტირების ნაწილში, აუცილებელია ექსპერტების ჩართულობა. გიორგი ჯინჭარაძის თქმით, ტენდერი ამ დრომდე ვერ შედგა, რადგან კომპანიები არ შევიდნენ ტენდერში. მისივე განცხადებით, ის პროცედურები, რაც პროექტის შეთანხმებას ეხება, უკვე შესრულებულია და როცა ტენდერი შედგება, შერჩეული კომპანია დაჩქარებულ ვადაში დაიწყებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ვერსიას, რომ სკოლა შესაძლოა არ რეაბილიტირდეს, დეზინფორმაციას უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნული სკოლის დასრულება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.