სკოლებში მობილურების გამოყენება იკრძალება
მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება.
ზოგადი განათლების შესახებ რეფორმით გათვალისწინებული ახალი რეგულაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. ჯერ უცნობია, ექნებათ თუ არა მოსწავლეებს შენობაში ტელეფონების შეტანის უფლება, ან იქნება თუ არა ცალკეული გამონაკლისები – ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასწავლო პროცესის მსვლელობისას ელექტრონულ მოწყობილობებს ვერცერთი მოსწავლე ვერ გამოიყენებს. გადაწყვეტილების მიზეზად ტელეფონებზე ჭარბი დამოკიდებულება და ბოლო კვლევების მონაცემები სახელდება, რომლის მიხედვით, გაკვეთილების მსვლელობისას ტელეფონების გამოყენების მაჩვენებელი მაღალია. ეს კი, ფსიქოლოგების შეფასებით, სასწავლო პროგრამის ათვისების უნარს აქვეითებს და საგაკვეთილო პროცესის წარმართვას აფერხებს. გაჯეტებზე დამოკიდებულების შესამცირებლად რეფორმით გათვალისწინებულ რეგულაციას სპეციალისტები საკმარისად არ მიიჩნევენ და სხვა ზომების მიღებასაც ითხოვენ.