იმერეთის რეგიონში სკოლების რეაბილიტაციის პროცესს, განათლების მინისტრი გაეცნო. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გივი მიქანაძე ქუთაისის მე-7, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნასა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, რეგიონში სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, შენობები სრულად განახლდება და ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა და ექიმის კაბინეტები.