სხვიტარიძის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი მირიან ქავთარაძე დაიკითხა.

სხდომაზე ქავთარაძემ მიუთითა, რომ აქციაზე, თავისუფლების მოედანზე, მან თავის არეში რკინის ნივთის მოხვედრის შედეგად დაზიანება მიიღო და თავი გაუტყდა. დაცვის მხარე დაინტერესდა – ჰქონდა თუ არა, ქავთარაძის მხრიდან ძალადობას ადგილი, რაზეც მოწმემ უარი განაცხადა.

საბა სხვიტარიძეს ბრალი სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისთვის ედება. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად, სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება, სასჯელის სახედ და ზომად, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხდომიდან გამოსულ პოლიციელს, ბრალდებულის ოჯახის წევრები, ახლობლები და თანაპარტიელები დახვდნენ და შეძახილებისა და ხმაურის ფონზე გააცილეს.