სხდომა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

11 მომხრე ერთი წინააღმდეგ – ასეთი შედეგით დასრულდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა/დანიშვნის წესში ცვლილებების კენჭისყრა.

ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა. ის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, უწყებების ჩამონათვალში, ომბუდსმენის აპარატის ჩართვასაც ითხოვდა, თუმცა საბჭომ აღნიშნული წინადადება არ გაითვალისწინა.

ცვლილებების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, დაკონკრეტდა და განისაზღვრა იმ უწყებების და ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც უნდა მოიძიოს კანდიდატის შესახებ იუსტიციის საბჭოს შესაბამისმა დეპარტამენტმა. ასეთი უწყებებია, შსს, ფინანსთა სამინისტრო, სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორი და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოს ამ დროისთვის 43 ვაკანსიაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული, ცვლილებების მიღების შედეგად კი აღნიშნული ვაკანსიების შესაბამისად, საბჭოს შესაბამისი დეპარტამენტი, ინფორმაციას განახლებული წესით მოიძიებს. აღნიშნული ინიციატივა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაცია საია-ს რეკომენდაციების საფუძველზე მოამზადა. ორგანიზაციამ, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესში შესატანი ცხრა რეკომენდაცია გასულ კვირას წარმოადგინა.