სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში

ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილის სარჩელის არსებით განხილვამდე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.

ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2012 წელს 5 მილიონი ლარის ქონება თაღლითურად დაუყადაღა, რასაც წინ უძღოდა ბიზნესმენის კუთვნილი ობიექტებიდან ფინანსური დოკუმენტების ამოღება და მის წინააღმდეგ გადასახადების დამალვის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

ბიზნესმენის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მას საპარლამენტო არჩევნებში შემოწირულობის გაკეთებას აიძულებდა. ხელისუფლების დაკვეთით, მაშინდელმა პროკურორმა ზაზა მალუძემ და გამომძიებელმა, ბექა ბასილაიამ მუქარისა და შანტაჟის გზით 8 ათასი ლარის ღირებულების გრემის კულტურის სახლის 700 000 ლარად შეძენა აიძულეს.

შოშიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკმა მისი ნების საწინააღმდეგოდ დაუმტკიცა სესხი, რომელიც პროკურატურის დავალებით ბიუჯეტში ისე გადარიცხა, რომ შოშიაშვილს ხელი დოკუმენტაციაზე არ ჰქონდა მოწერილი.

აღნიშნულ ფაქტზე 6 წელია გამოძიება მიმდინარეობს და ბიზნესმენი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

საქმის არსებითი განხილვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.