პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქ. გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით, უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას. გამოძიებით დგინდება, რომ ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო, სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად, ბორის გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად ვლადიმერ ხუნდაძეს მიმართა, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა. გარდა აღნიშნულისა, ვლადიმერ ხუნდაძისთვის ზუსტად იყო ცნობილი თუ რა დანაშაულის ჩადენა ხორციელდებოდა ბორის გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. აღნიშნული საქმე, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ქალაქ გორში, სპეციალურად მოწყობილ ფართში აღმოჩენილ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს უკავშირდება. დასახელებულ ფაქტზე პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა, 7 პირის მიმართ უკვე დაიწყო.