სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია

21:10, 28.04.2026

საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევის ორეტაპიანი პროცესის პირველი ეტაპი დასრულებულია.

მეუფე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი – პატრიარქობის სამი კანდიდატი შერჩეულია. ცხრა წლის წინ ილია მეორის მიერ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დასახელებულმა მეუფე შიომ დღეს ყველაზე მეტი ხმა, წმინდა სინოდის 20 წევრის მხარდაჭერა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მას პატრიარქად არჩევის ყველაზე დიდი შანსი აქვს. მინიმუმ ხმების სწორედ ეს რაოდენობაა საჭირო საბოლოო არჩევანისთვის. 7-7 ხმა ერგოთ მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს. დანარჩენი ხმები სხვა სამ კანდიდატზე გადანაწილდა – სულ დასახელებული იყო ექვსი პრეტენდენტი. ახლა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ისტორიული მოვლენისთვის ემზადება: 49 წლის შემდეგ პირველად უნდა ჩატარდეს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ფარული კენჭისყრით სამი კანდიდატიდან პატრიარქი გახდება ის, ვინც 39-წევრიანი სინოდის ხმების უმრავლესობას, ანუ მინიმუმ 20 ხმას მიიღებს. კრების თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, ის 17 მაისამდე უნდა გაიმართოს. ვიცით მხოლოდ ის, რომ კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება და მას მღვდელმთავრების გარდა 2 000-მდე დელეგატი დაესწრება.

მსგავსი