სინოდის სხდომის განჩინება - განმარტება

წმინდა სინოდის განჩინების შესახებ, რომელიც ნათლიების რაოდენობას ეხება, ჟურნალისტებთან დღეს დამატებითი კომენტარი გააკეთა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, ლონგინოზ სუარიშვილმა. მისი თქმით, საკითხი, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეულწილად მღელვარება გამოიწვია, მღვდელმთავრების მოთხოვნით განიხილეს. შეგახსენებთ, რომ ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, ნათლია უნდა იყოს ერთი, ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია იყოს ორიც. გამონაკლისის სახით, ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია ნათლიად კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში. ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაში ვკითხულობთ, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა.