სინოდი 142-ე პატრიარქის ასარჩევად ემზადება

ეროვნებით ქართველი, ბერი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, საღვთისმეტყველო განათლებითა და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილებით – ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის სამი მღვდელმთავარი, რომლებსაც სინოდი შეარჩევს. 1995 წელს მიღებული მართვა-გამგეობის დებულებითაა განსაზღვრული შერჩეულთა ასაკობრივი ზღვარიც, არანაკლებ 40-სა და არაუმეტეს 70 წლის. გარდა იმისა, რომ სინოდის ნებისმიერ წევრს შეუძლია საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს, ის ასევე უფლებამოსილია სინოდს შესთავაზოს წევრი კანდიდატი.

კათოლიკოს-პატრიარქი ის მღვდელმთავარი გახდება, რომელიც პირველ ჯერზე ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს, თუკი კენჭისყრის შედეგები სხვაგვარად გადანაწილდა, განმეორებითი კენჭისყრა ორ უპირატეს კანდიდატს შორის მოხდება. მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ახალ კანდიდატზე მსჯელობა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ და არაუგვიანეს ორი თვისა უნდა დაიწყოს. საპატრიარქოში ყველა დაინტერესებულ მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, რათა მათმა განცხადებებმა საზოგადოებაში დაპირისპირება არ გამოიწვიოს.